კომპიუტერები ჯერ მე-11 კლასელებს გადაეცემათ - შესყიდვის თარიღი გაურკვეველია
25-10-2021

2019-2020 და 2020-2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. უკვე მეორე წელია მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს უშედეგოდ ელოდებიან.

როგორც etaloni.ge - ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები პერსონალურ კომპიუტერებს 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.

„მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გამოცხადდება შესყიდვა. შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდგომ გადაეცემათ ლეპტოპები, თუმცა პირველ რიგში კომპიუტერებს ის მოსწავლეები მიიღებენ, ვინც მე-11 კლასშია. ჯერ შესყიდვის კონკრეტული თარიღი  ცნობილი არ არის. შესყიდვების სააგენტო ტენდერს რომ გამოცხადებს, საორიენტაციო თარიღის თქმა, მერე უფრო შეგვეძლება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

მათივე თქმით, წინა ტენდერის ჩაშლა, პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე არსებულმა ტექნიკის დეფიციტმა გამოიწვია, რადგან ვეღარ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერების შესყიდვა და მოწოდება.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203