„მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე ვემხრობი...“ - გახდება თუ არა ნოემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულო
25-10-2021

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ერთი რიგითი ექიმი ემხრობა, აცრა სავალდებულო გახდეს:

„ვაქცინაციის სავალდებულოება საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა არასოდეს დამიმალავს საკუთარი დამოკიდებულება - დიახ, მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე ვემხრობი“; 

მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სატელევიზიო ეთერში აცხადებდა, რომ ვაქცინაცია ნოემბრიდან შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, რადგან ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორს ეტყობა:

„არსებული მონაცემებით საიმედო პროგნოზი არ არის. ზეწოლა უკვე ჯანდაცვის სექტორს ეტყობა. იზრდება სტაციონარში, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

გასული კვირის განმავლობაში ბევრ სოფელში ვიყავი და რომ გითხრათ, დამყოლობა კარგია, მოვიტყუები. 2 ანტივაქსერული მოძრაობა ორ ადგილზე პირდაპირ დაგვხვდა, ხელჩართულ ბრძოლაში გადადის მათი ქცევა.

მთავარი ბარიერი არის ალბათ ის, რომ ვაკლებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მარტო კომუნიკაციითაც ვეღარ გავაძლიერებთ ვაქცინაციას. თვითონ გვეუბნება მოსახლეობა, რომ თუ შემოიტანთ სავალდებულო ვაქცინაციას, ავიცრებით, ისე არ მინდა აცრა. მესმის, რთული გადასაწყვეტია, სავალდებულო პრინციპების შემოტანა აცრების კამპანიაში, მაგრამ, ალბათ მოგვიწევს, სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვხედავ, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მანდატურიზმი, ვფიქრობ, რომ აუცილებელი გახდება ნოემბერში“.

მთავარი ფაქტორი კი, რომელიც ხელს უშლის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მანდატორიზს, როგორც ბრიფინგზე გამყრელიძემ განმარტა, არის პირველ რიგში ადამიანის უფლებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, აცრა სავალდებულო არ გახდებაო, თუმცა ფაქტია - ეპიდვითარება რთულია, ვაქცინაციის მაჩვენებელი - არასასურველი, ასე რომ, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მაღალ ეშელონებში, მალე გაირკვევა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203