წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ნოემბრის ბოლომდე გადაეცემათ. როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სააგენტო მედლების მიწოდებას სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის ნოემბერში დაასრულებს, რის შემდეგაც მას 2018-2019-2020 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცემენ.
„მათთვის, ვისაც ახლა უნდა აეღო მედალი, ჩვენი სააგენტო მედლების დარიგებას მომავალი თვის ბოლომდე სრულად უზრუნველყოფს, შემდეგ უკვე რესურსცენტრი ან სკოლა დაუკავშირდება მედალოსანს“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
რაც შეეხება 2020-2021 წლის კურსდამთავრებულ მედალოსნებს, სამინისტროში განმარტეს, რომ მათ მედლები მომავალი წლის გაზაფხულზე გადაეცემათ, თუმცა ტენდერისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
2020-2021 სასწავლო წლის მედალოსანთა სია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 1-ელ სექტემბერს შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა.
თუ რამდენი მოსწავლე მიიღებს ოქროსა და ვერცხლის მედალს მომავალ წელს, ამ საკითხს Etaloni.ge სამინისტროსთან არკვევს და ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.