ჰაერის ტემპერტურის კლებამ ყველგან და მათ შორის სკოლებში გათბობის ჩართვის საკითხი დააყენა, რაზეც Etaloni.ge უკვე წერდა; ახლა ისაა საინტერესო, რომელს სკოლებში არ არის ცენტრალური გათბობა, თუმცა სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ იციან, რამდენი საჯარო სკოლა თბება შეშის ღუმლით. როგორც უწყების მიერ etaloni.ge- სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და პროექტების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა. შესაბამისად უწყება ვერ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში გათბობის მხრივ, აღარაფერს ვამბობთ სხვა საჭიროებებზე.
ცნობისთვის, „ეტალონმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე კითხვა გადაუგზავნა, რომელიც საჯარო სკოლებში გათბობის საკითხს ეხებოდა. გვაინტერესებდა: რამდენ საჯარო სკოლაში იყო ცენტრალური გათბობა, რამდენი საჯარო სკოლა იყენებდა გათბობის სხვა საშუალებებს და მათ შორის რამდენი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებდა შეშის ღუმელს გასათბობად - ოფიციალური პასუხში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, გვიპასუხა რომ თბილისის ყველა სკოლის გათბობით უზრუნველყოფა ხდება ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით.
აქვე გთავაზობთ უწყების ვრცელ პასუხს უცვლელად:
„გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის 2018 წლის 2 თებერვლიდან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილებები დელეგირებულია მუნიციპალიტეტებისთვის, შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა, პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების პრეროგატივაა.
სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში ყველა საჯარო სკოლის გათბობით უზრუნველყოფა ხდება ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით“.
პანდემიის ფონზე მეორე სასწავლო წელი დაიწყო, განათლების სამინისტრო კი სკოლებს ყველა არსებული რეკომენდაციის მკაცრად შესრულებისკენ მოუწოდებს, მონიტორინგი გამკაცრებულია და იმასაც თამამად ამბობენ, რომ ყველა სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უწყება ვერ გვპასუხობს ისეთ ელემენტარულ კითხვაზეც კი, როგორიც სკოლებში გათბობის საკითხია და შემოიფარგლებიან ლაკონური კომენტარით - სრული სურათის გასარკვევად ინდივიდუალურად დაუკავშირდით ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსო, ეს, რბილად რომ ვთქვათ, სამინისტროს კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამასობაში კი ტემპერატურა სულ უფრო დაბლა იწევს და გათბობის საკითხიც აქტუალური ხდება, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის სკოლებისთვის.
ჰოდა სანამ ზრდასრულ მოსახლეობას აცრისკენ ამაყად მოუწოდებენ და მასწავლებლებს ანტივაქსერებად შერაცხავენ, იქნებ აჯობებს, ჯერ ძლიერთა ამა ქვეყნისა, სკოლები ცენტრალური გათბობის სისტემით უზრუნველყონ - ფანჯარაში გაიხედეთ, დარაბებს მიღმა 21-ე საუკუნეა.