საქართველოში ოფიციალურად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გახსნილია. თუმცა მოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვებია და ნაწილობრივ კლასები, ზოგან კი სრულად სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე. ისიც ცნობილია, რომ როდესაც მასწავლებელს კოვიდი უფიქსირდება, იზოლაციაში ყოფნის პერიოდი მას ბიულეტენში უტარდება და არც ანაზღაურება აკლდება; მაგრამ საინტერესო ისაა, რა ხდება მაშინ, როდესაც მასწავლებელი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია და არსებული პროტოკოლის მიხედვით, იძულებულია, გადავიდეს თვითიზოლაციაში?
ასეთ დროს, პირს ექიმთან შეხება არ აქვს და შესაბამისად ბიულეტენს ვერ მიიღებს, ეს კი სამსახურის „არასაპატიო“ გაცდენად ეთვლება და ბუნებრივია, დგება ხელფასის დაქვითვა-არდაქვითვის საკითხიც.
აკლდება თუ არა ხელფასი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადასულ მასწავლებელს? - ამ კითხვით etaloni.ge-მ ჯერ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ საკითხს დირექტორი არეგულირებს და შეიძლება, თვითიზოლაციაში მყოფი მასწავლებელი ონლაინ-გაკვეთილებით დატვირთოს, რათა გაცდენებმა ხელფასზე უარყოფითად არ იმოქმედოსო; შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც განმარტეს, რომ არსებობს ბიულეტენის ტოლფასი ცნობა, რომელსაც ეპიდემიოლოგი გასცემს.