კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას რა პროდუქტი შევაქმნევინოთ მოსწავლეს - მთავარი, რის მიხედვითაც დავალების პირობა უნდა ჩამოყალიბდეს
კომპლექსური დავალება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. დავალებაზე მუშაობის დროს მოსწავლე ქმნის პროდუქტს, რომელშიც წარმოაჩენს, რა გაიგო შესწავლილი მასალიდან და როგორ გაიაზრა. თუ ძველ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავალება დამახსოვრებისთვის იყო გათვლილი, ამჯერად, კომპლექსური დავალება სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს, მოსწავლე მუშობის დროს აერთიანებს თავის ცოდნას, ცხოვრებისეულ ფაქტებთან აკავშირებს და საკუთარ ნააზრევს წარმოაჩენს.
მოგეხსენებათ, ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენები სტანდარტითაა განსაზღვრული. სწორედ ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენები არის მთავარი კომპლექსური დავალების პირობის შედგენისას. მათ უნდა დაეფუძნოს დავალების პირობა.
კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტი შეიძლება იყოს:
- დისკუსია;
- დებატები;
- ლიტერატურული სამსჯავრო, ლიტერატურული სალონი;
- პრეზენტაცია, ზეპირი მოხსენება/ზეპირი გამოსვლა;
- პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
- ნაწარმოების ინსცენირება;
- ანალიტიკური წერითი ნამუშევრები (მაგ., ტექსტის ანალიზი; ორი ტექსტის შედარებითი ანალიზი, პერსონაჟის დახასიათება, პერსონაჟების შედარებითი დახასიათება);
- თხრობითი ტექსტის შედგენა (რეალურ ან/და წარმოსახვით გამოცდილებაზე);
- დამარწმუნებელი ტექსტების შედგენა (არგუმენტირებული ესე, სარეკლამო, სარეკლამო-საინფორმაციო ტექსტი, წერილი რედაქციას, რედაქტორს);
- ახსნა-განმარტებითი/საინფორმაციო ტექსტის შედგენა;
- პროექტი/კვლევა (თემაზე, ტექსტის იდეაზე, კონკრეტულ პრობლემაზე/ საკითხზე);
- წერილობითი რეზიუმეს შედგენა (ნაცნობი ტექსტის);
- ტექსტის შეცვლა: გავრცობა-შევსება, ახალი პერსონაჟ(ებ)ის შემოყვანა, დასასრულის შეცვლა, თხრობის გაგრძელება, წინარე ისტორიის აღდგენა, ტექსტის გადაწერა სხვა ჟანრში;
- წერილი ავტორს, პერსონაჟს; ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ;
- წარმოსახვითი ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟთან;
- ანოტაციის, რეკომენდაციის შედგენა (მაგ., წიგნის, ფილმის);
- წერილობითი ტექსტების შედგენა თვითგამოხატვის მიზნით (მაგ. ჩანახატი, ნოველა, პირადი გამოხმაურება/შთაბეჭდილება);
- ალტერნატიული ფორმის ტექსტების შედგენა თვითგამოხატვისთვის, პირადი დამოკიდებულების წარმოჩენისთვის (მაგ. ნახატი, პოსტერი, კოლაჟი, გრაფიკა, ვიდეორგოლი, მუსიკალური კლიპი შესწავლილი ტექსტების საფუძველზე) და სხვა
ჩამოთვლილი ნიმუშებით თუ ვიმსჯელებთ, კომპლექსური დავალება საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია თავისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის წარმოჩენა. მთავარია, დავალება ზუსტად მოერგოს შესწავლილ მასალას და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.