მასწავლებლების ვაქცინაცია სასკოლო საზოგადოებაში ერთ-ერთი ყევლაზე ცხელი თემაა. მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ სკოლის თანამშრომლების აცრაზე გადის ბავშვების უსაფრთხოება და დასწრებითი სასწავლო პროცესის ალბათობაც; თუმცა, თავის მხრივ, პედაგოგებიც ითხოვენ - აცრილები იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, რადგან არცთუ იშვიათად, ინფექციის გამავრცელებლები სწორედ მოზარდები არიან.
მართალია, ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც გასულ კვირაში განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა, მასწავლებლებში უფრო მაღალია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, მაგრამ ჰქონდეთ ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლების აცრის მაჩვენებელზე, ეს მათი უფლებაა.
ბოლო პერიოდში Etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა უთხრა, რომ სკოლები მოსწავლეთა ოჯახებში აცრილი წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ - ზოგან კითხვარი შეავსებინეს, ზოგან მშობლებს ხელი მოაწერინეს - „დღეს დოკუმენტზე ხელი მომაწერინეს, სადაც ვამბობდი, რომ ოჯახში ზრდასრულები კოვიდზე აცრილები ვართ... წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის შეიძლება დასჭირდეს სკოლას ეს ინფრომაცია, მასწავლებლემა მითხრა - დირექტორის დავალებააო“ - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. მართლაც საინტერესოა, ვისი დავალებით მოქმედებს ასეთ დროს სკოლა და რეალურად, რაში სჭირდებათ მშობლების აცრის შესახებ ინფორმაცია?
ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ სამინისტროს სკოლებისთვის ნამდვილად არ დაუვალებია აღნიშნული მონაცემების შეგროვება: „ვერ გეტვით, რატომ ითხოვენ სკოლები მშობლების აცრების შესახებ ინფორმაციას. დირექტორები მხოლოდ პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების მონაცემებს აწვდიან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რათა მასწავლებლებმა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლონ აცრის ჩატარება; სხვა მხრივ კი განათლების სამინისტრო მშობელთა აცრის შესახებ მონაცემებს არ აგროვებს“.