300 ლარი დამრიგებლისთვის, 50 დამლაგებლისთვის, 116 ფორმებისთვის... ზოგ სკოლაში სადეზინფექციოებსა და საინტაიზერებს მშობლები ყიდულობენ
29-10-2021

„გწერთ მშობლების სახელით, პერსონალურად არავის ვერჩით, მხოლოდ იმ პრობლემებს, რომლებიც სკოლაშია, მალე ალბათ გავღარიბდებით:

1. ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ვკრებთ თანხას დამლაგებლისთვის, რათა კლასი დაასუფთავოს - კლასზე 50 ლ.;

2. ყოველწლიურად ვყიდულობთ საკლასო ოთახისთვის ფარდებს და კარნიზებს;

3. გავიგეთ, რომ სადეზინფექციო ხსნარები სკოლებს უფასოდ გადაეცემათ, ჩვენთან კი მშობლები ვყიდულობთ;

4. ვაგროვებთ ტუალეტის და ხელის საშრობი ქაღალდის თანხას;

5. დამრიგებლისთვის, წელიწადში სამჯერ, (ახალი წელი, 8 მარტი და სასწავლო წლის დასასრული) ვაგროვებთ 300-300 ლარს;

6. ექსკურსიაზე კლასის დამრიგებელს ლიმიტი აქვს - სამი მეგობარი უნდა წამოიყვანოს ჩვენს ხარჯზე

7. სკოლის ღონისძიების თუ საპატიო სტუმრის მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ უნდა მივიტანოთ საკვები;

8. ახალი თავსატეხი დაგვემატა და მოიგონეს სასკოლო ფორმები, რომლის ღირებულებაც არის 116 ლარი და კაი დედის შვილები ვართ იქ შევაკერინოთ სადაც სკოლამ არ მიგვითითა (ორჯერ მოგიწევთ ყიდვაო -  განგვიცხადა დამრიგებელმა);

9. ტესტირებებისთვის A4 ფორმატის ქაღალდი ჩვენ უნდა ვიყიდოთ რიგრიგობით (მშობლებმა);

უმორჩილესად გთხოვთ, არავინ დასაჯოთ, არავინ გაათავისუფლოთ, არავინ ააღელვოთ, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება დაავალოთ და აღმოფხვრათ. სახლში მეუღლეები აღარ გვიჯერებენ, რომ სკოლისთვის გვინდა ამდენი თანხა“ - ეს წერილი Etaloni.ge-ს ოფიციალურ მეილზე გამოუგზავნა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც არც ვინაობა დაუმალავს და არც სკოლის ნომერი, თუმცა გარკვეული ნორმების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ ზედმეტ კონკრეტიკას.

სამაგიეროდ, დავუკავშირდით განათლების სამინისტროს კითხვით - რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება სკოლაში? - უწყებაში განგვიმარტეს, რომ ყველა სკოლა მარაგდება სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით, რომელიც რეგულაციებითაა გათვალისწინებული. ზოგადასგანმანათლებლო დაწესებულებებს იმაზე მეტი მარაგი აქვთ, ვიდრე საჭიროა; გარდა ამისა, სემესტრში რამდენჯერმე სამინისტროდან და „ესიდადან“ უკავშირდებიან იმის გასარკვევად, ხომ არ შემცირდა ეს მარაგი, ამოწურვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მშობლებს შეუძლიათ მიმართონ ჯერ რესურსცენტრს და შემდეგ დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს, რათა მოხდეს რეაგირება. აქვე გთავაზობთ უწყების ცხელი ხაზის ნომერს: 032-2200-220

Etaloni.ge ამ საკითხის კომენტირებისგან თავს შეგნებულად იკავებს, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203