ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი - მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ სწავლებაზე ამ კვირაში 9628 მოსწავლე დარეგისტრირდა, ხოლო ონლაინიდან დისტანციურ სწავლებაზე 3632 მოსწავლე გადავიდა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს, Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.