დღეს, 1 ნოემბერს, 17 საათზე მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ვებინარს ჩაატარებს. როგორც ოფიციალური სტრუქტურა იუწყება, სპეციალური მასწავლებლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა მათი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, კერძოდ, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება.
ამ მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის “ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის'' პროგრამის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევსა და შესაბამის ნიმუშების შექმნაზე, რაც სპეციალისტებს დაეხმარება ამ მიმართულების საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში უკვე შემუშავდა პორტფოლიოს ძირითადი სტრუქტურა და შინაარსი. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ვებინარს სპეციალური მასწავლებლებისათვის, რომლის მიზანია სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის დოკუმენტის სტრუქტურისა და ძირითადი კომპონენტების გაცნობა. ვებინარს გაუძღვებიან გზამკვლევის ავტორები - ბაია კუბლაშვილი და ლიკა ქურციკიძე.
ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს არსი და მისი მნიშვნელობა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში;
სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს ძირითადი კომპონენტები;
სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები;
სპეციალური მასწავლებლის თვითრეფლექსიის კითხვარი.
საქმე ის გახლავთ, რომ ვებინარის დრო ონლაინ-ტრენინგს ემთხვევა, თუმცა ჩანაწერი დაიდება და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ დროს მოუსმინონ მას. რაც შეეხება რეგისტრაციას, ვებინარი live რეჟიმში წარიმართება და წინასწარი დარეგისტრირება საჭირო არ არის.