მასწავლებლებს სტატუსის დანამატის მისაღებად შესაბამისი საათობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეთ. დაწყებითი (I-IV) კლასის პედაგოგებისთვის დანამატი 13 საათზე გაიცემა, სხვა საგნის პედაგოგები კი მინიმუმ 15 გაკვეთილს უნდა ატარებდნენ კვირაში, რომ სრული დანამატი დაერიცხოთ.
დაწყებითის პედაგოგები, შეიძლება ითქვას, ორ კატეგორიად იყოფიან, პირველი - რომლებსაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი კომბინირებული გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) აქვთ ჩაბარებული და მეორე - ვისაც მხოლოდ ერთ საგანში აქვს კომპეტენცია დადასტურებული I-VI კლასების მიმართულებით. მაგალითად, ჩაბარებული აქვთ ქართული ენა და ლიტერატურა I-VI, მათემატიკა I-VI ან ბუნებისმეტყველება I-VI.
დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საგნის სწავლების უფლება აქვთ, სრული დანამატი რომ დაერიცხოთ, მინიმუმ 15-საათიანი დატვირთვა უნდა ჰქონდეთ, ის პედაგოგები კი, რომლებსაც დაწყებითის I-IV კომბინირებულ გამოცდაში აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, აუცილებელია I-IV კლასებში ასწავლიდნენ როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე მათემატიკასა და ბუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სრული დანამატი არ დაერიცხებათ. მაგალითად, თუ მასწავლებელს დაწყებითის კომბინირებული გამოცდა აქვს ჩაბარებული, მაგრამ სკოლაში ის მხოლოდ ქართულს, მხოლოდ მათემატიკას, მხოლოდ ბუნებას ან ამ სამიდან ორს ასწავლის (სამის ნაცვლად), მას ხელფასი საათობრივი დატვირთვის მიხედვით დაერიცხება, დანამატს კი სრულად ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატი 570 ლარია, წამყვანისა - 950 ლარი; მენტორის კი - 1250 ლარი. იანვრიდან სტატუსისთვის განსაზღვრულ თანხას კიდევ 100 ლარი დაემატება.