შენობაში ბზარები მოსწავლეებმა აღმოაჩინეს და ვიდეო გაავრცელეს - N161 საჯარო სკოლის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთვება 
03-11-2021

თბილისის N161 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა სკოლის კედლებზე არსებულ ბზარებს ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს - სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდგომ დაიხურა სკოლა და მოსწავლეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯარო სკოლის უფროსკლასელთა კორპუსის მე-4 სართულის ფლიგელის კედელზე დაფიქსირებული ბზარები შენობის მდგრადობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე მაინც გადაიყვანეს.

სააგენტოს განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

„მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, N161 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა კორპუსის მე-4 სართულის ფლიგელის კედელზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებელი სამუშაოების დასრულებამდე და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამდე იმ ფლიგელში განთავსებული კლასების მოსწავლეები, სადაც დაზიანებები გამოვლინდა, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.

N161 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა კორპუსის მე-4 სართულის ერთ-ერთ ფლიგელში გამოვლენილი ბზარების შესწავლის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კონსტრუქტორთა ჯგუფი მყისიერად მიავლინა ადგილზე. ექსპერტებმა შეისწავლეს კედელზე გაჩენილი ბზარები და დაადგინეს, რომ გაჩენილი ბზარები შენობის მდგრადობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო შესაბამის დასკვნას ამზადებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლაში ასევე ჩაერთვებიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან არა მხოლოდ აღმოჩენილ ბზარებს, არამედ მთლიანად შენობის მდგრადობას და დადებენ შესაბამის დასკვნას“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203