საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისჯგუფებისთვის სავალდებულო გახდეს, გარდა ამისა, პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, აუცრელი ადამიანებისთვის მკურნალობა ფასიანი იყოს.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვანია და მიმართა საპატრიარქოს, აცრის თაობაზე მრევლს მისცეს მკაფიო მითითება და მაგალითი. მისი განმარტებით, პანდემიის დასრულებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ყველას, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ეკლესიას და თითოეულ მოქალაქეს.
„მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.