მასწავლებელთა ნაწილს სტატუსი დაგვიანებით, ნოემბრის პირველ კვირაში აესახა. უფროსის სტატუსი იმ პედაგოგებმა მიიღეს, რომლებიც აქამდე სკოლაში მაძიებლად მუშაობდნენ და ზაფხულში საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურეს, ასევე მათ, ვინც წელს დაიწყო სკოლაში მუშაობა და სტატუსის მოსაპოვებლად ყველა პირობას აკმაყოფილებდნენ.
მასწავლებლების ამ ნაწილმა, რომლებსაც სტატუსი ნოემბრის დასაწყისში მიიღეს, ორი თვის - სექტემბრის და ოქტომბრის სტატუსის დანამატი დაკარგეს. პედაგოგები ვარაუდობდნენ, რომ რადგან სტატუსის მინიჭება მათი მიზეზით არ იგვიანებდა, შესაძლო იყო ოქტომბრის დანამატი მოგვიანებით აეღოთ, მაგრამ ასე არაა, ისინი ოქტომბრის სტატუსის დანამატს ვეღარ მიიღებენ. ამ პედაგოგებს დანამატი ნოემბრის ბოლოს, ხელფასთან ერთად დაერიცხებათ.
შეგახსენებთ, რომ თუ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა პედაგოგს თვის 10 რიცხვამდე მიანიჭა სტატუსი, დანამატს იმავე თვეს იღებს, 10 რიცხვის შემდგომ ასახული სტატუსი კი ავტომატურად ნიშნავს დანამატის მიღების ვადის კიდევ ერთი თვით გადაწევას.
თუ მასწავლებელი კონკურსის წესით დაინიშნა სკოლაში ანუ გამოცხადებული ვაკანსიის შემდეგ ვებგვერდიდან http://teacherjobs.ge გაგზავნა რეზიუმე, ამ შემთხვევაში სკოლამ მასწავლებლის სახლს, რესურსცენტრის გავლით, წერილი უნდა მისწეროს და პედაგოგისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს.