2022 წლიდან ის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურეს სკოლიდან უნდა წავიდნენ. ამ დროს კი, საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, თუ პედაგოგი საგნის გამოცდას ვერ აბარებს, ბავშვებს არ უნდა ასწავლიდეს; ხოლო მეორენი თვლიან, არაფრით შეიძლება გამოცდილი, სტაჟიანი პედაგოგების ხელაღებით გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, მანანა რატიანმა ერთ-ერთ გადაცემაში და აღნიშნა, რომ ადამიანური ქცევის საპირწონედ - მასწავლებლები უმუშევარი არ დავტოვოთ - ამასთან, არიან მოსწავლეები, 21-ე საუკუნის მოქალაქეები და მათ მაღალი კომპეტენციები სჭირდებათ, რათა ცხოვრებაში იყვნენ რეალიზებულები; სკოლაში გატარებული 12 წელი არ დაკარგონ.
„მასწავლებლებს მუდმივად სჭირდებათ განვითარება, რადგან პედაგოგიკური მიდგომები იცვლება და როდესაც პროფესიულ განვითარებას წყვეტს მასწავლებელი, ის სისტემაში აღარ უნდა დარჩეს“, - განაცხადა რატიანმა.
თუმცა, ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს პროფესიული კადრის დეფიციტი, რაზეც არაერთი სპეციალისტი აპელირებს? ამ საკითხზე მანანა რატიანი შემდეგ განმარტებას აკეთებს:
„2015 წელს სახელმწიფო კომისიაში იყო დისუკუსიები - მასწავლებლებს, რომლებსაც 2010 წლიდან უნდა დაედასტურებინათ კომპეტენცია და ამას ვერ შეძლებდა, სისტემა უნდა დაეტოვნებინათ; ამ პერიოდისთვის პედაგოგების მხოლოდ 20 %-ს ჰქონდა დადასტურებული კომპეტენცია და აქედან გამომდინარე, სისტემა პედაგოგების 80 პროცენტის გარეშე ვერ დარჩებოდა. ზუსტად ამ პერიოდში ამოქმედდა არაერთი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო მოსალოდნელი დეფიციტის შევსებაზე, ამ პროგრამებმა ეფექტურად იმუშავა.
დღესაც საუბარია - უნდა გავიდნენ თუ არა ეს მასწავლებელი სისტემიდან? „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ძალიან კარგად არეგულირებს ამ საკითხს და სისტემა დაზღვეულია არაკვალიფიციური კადრების შემოდინებისგან - სულ მცირე, ახალ კადრებს მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, იცოდნენ პედაგოგიკური მიდგომები და გაიარონ მაძიებლობისა თუ 60-კრედიტიანი პროგრამა“.
აქვე რატიანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჭიროა, ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მომზადებაზეც სახელმწიფო თანხებს ხარჯავს, იყვნენ რეალიზებულები, წინააღმდეგ შემთვევაში გამოდის, ფულს ვყრით:
„თეორიული შანსი, რომ მასწავლებელი, რომელმაც 2010 წლიდან ვერ დაადასტურა კომპეტენცია, მაინცადამაინც ახლა მოახერხებს ამას, მინიმალური, მაგრამ მაინც არის; თუ ამას გააკეთებს, სისტემა მის წინაშე კარს არ ხურავს, იმავდროულად კი, არ უნდა დაგვავიწყდეს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მომზადებაზეც სახელმწიფო ხარჯავს თანხებს, მაგალითად 60-კრედიტიან პროგრამაზე; თუ ეს ახალგაზრდები სკოლაში სამსახურს დროულად ვერ ნახავენ, ვაკანსიები ხელმისაწვდომი არ იქნება, ისინი დაკარგული არიან პროფესიისთვის და გამოდის, სახელმწიფომაც ტყუილად დახარჯა ერთწლიანი მომზადების თანხა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა იყვნენ სკოლაში, სკოლის ბაზაზე უნდა არსებობდეს მონიტორინგის მექნიზმები და დირექტორს აქვს ამის საშუალება.
მას შემდეგ, რაც ყველა მასწავლებელი დაადასტურებს კომპეტენციას, სკოლაში შენარჩუნებისთვის აღარ იქნება საჭირო გამოცდების არც ორგანიზება, არც ჩატარება და არც ხელახლა ამხელა ხარჯების გაღება“.