პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს და არც საკმარისი კრედიტები დაუგროვებიათ, იანვრიდან სკოლა უნდა დატოვონ, მათ სტატუსის მოსაპოვებლად „ბოლო შანსი“ ოთხჯერ მიეცათ, ამჯერად კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დათმობაზე აღარ მიდის და პედაგოგებს, რომლებსაც საგნის კომპეტენცია ან პროფესიული უნარების ცოდნა არ დაუდასტურებიათ - სკოლიდან უშვებს.
თუმცა, დირექტორებს უკვე აქვთ გეგმა, როგორ შეუნარჩუნებენ პრაქტიკოს პედაგოგებს ადგილს, მასწავლებლობის მსურველებს კი, გამოდის, სკოლაში დასაქმების იმედი ტყუილად აქვთ.
დირექტორს შეუძლია პრაქტიკოსი პედაგოგი მოწვეულ ან შემცვლელ მასწავლებლად დატოვოს სკოლაში. განსხვავება მხოლოდ საათობრივ დატვირთვაში იქნება, რადგან მოწვეულ მასწავლებელს სრული განაკვეთით დასაქმების უფლება არ აქვს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწვეული ან შემცვლელი მასწავლებელი ვალდებული არაა, ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებს გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით:
მოწვეული მასწავლებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
შემცვლელი მასწავლებელი კი არის დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დირექტორი ადგენს.