„ჩვენს სკოლაში ყველა თანამშრომელი ორჯერადად აცრილია“ - აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო კიკნაველიძე საუბრობს- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებითი. მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდემიის მიმართ ისეთია, როგორიც მთელ საქართველოში სხვადასხვაგვარი.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?- ჩვენი სკოლა არ არის პილოტირებული, არცერთ მასწავლებელს არ გაუვლია ტრენინგი კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მასწავლებლები ფეხს უწყობენ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს და იყენებენ კომპლექსურ დავალებებს სასკოლო პროცესში. მასწავლებლების თქმით კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებას და შრომის უნარის განვითარებას. ამ დროს ხდება ნასწავლი მასალის განმტკიცება. რაც შეეხება მშობლებს, კომპლექსური დავალების შემოტანამ უარყოფითი განწყობა შემოიტანა, კერძოდ: თვლიან, რომ შრომატევადია, ბევრ დროს მოითხოვს, დაკავშირებულია სხვადასხვა რესურსების მოძიებასთან. მშობლები ამბობენ: ეს მოსწავლის კი არა, ჩვენი დავალებაა, რადგან ჩვენ ვეხმარებით, რომ შეძლოს მოსწავლემ კომპლექსური დავალების სრულყოფილად შესრულება.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ? - ჩვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე ძირითადად დაკავებულები ვართ ახლომდებარე ტყის მასივში სეირნობისას ტყის მოვლისა და დასუფთავების ღონისძიებით, ასევე დავდივართ ლაშქრობებში.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?- ჩვენ ჯერ-ჯერობით არ დაგვჭირვებია ონლაინ სწავლება, გარდა განათლების სამინისტროს დადგენილებისა, შესაბამისად არ ვფიქრობთ შაბათი დღის გამოყენებაზე.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- ჩვენს სკოლაში ყველა თანამშრომელი ორჯერადად აცრილია. რაც შეეხება მშობლებს, ძალიან ცოტა მშობელია აცრილი, მაგრამ მათ შორის არიან ახალი კოვიდგადატანილები.