„შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ არ იქნება სასურველი“-მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
12-11-2021
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- 4 ოქტომბრიდან დღემდე სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. მოსწავლეები და მშობლები სასკოლო გარემოში სწავლას მიესალმებიან.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- კომპლექსური დავალებების შესახებ ჩვენს სკოლაში აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ არაფრის მომცემია, თუმცა უმრავლესობამ მუშაობა უკვე დაიწყო და იმედია ეს მოსწავლეებისთვის მოტივატორი იქნება. რაც შეეხება მშობლებს, დააინტერესათ, აღნიშნავენ რომ სიახლეა ჩვენც ჩავერთვებით და უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებო.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- სკოლაში ძირითადად სასკოლო პროექტები, სასწავლო შემეცნებითი კლასგარეშე აქტივობები ტარდება და ონლაინ კონკურსებში მონაწილეობენ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ არ იქნება სასურველი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენს სკოლაში სასკოლო საზოგადოების 85%-ია აცრილი; რაც შეეხება მშობელთა ვაქცინაციას, საკმაოდ დაბალია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203