„კომპლექსური დავალება ერთ-ერთი საშუალებაა, რაც მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება“-ფოთის N12 სკოლის დირექტორი მანანა ხობელია
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები ვიღებთ საკუთარ პასუხისმგებლობას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ვცდილობთ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმაროთ. ამჟამად სწავლა ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ? - „ახალი სკოლის მოდელი“ არის ინსტრუმენტი, რომელიც სკოლას მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში ეხმარება. კომპლექსური დავალება არის ერთ-ერთი საშუალება, რაც მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება, რათა მოსწავლემ დაინახოს კავშირი პრაქტიკასა და მეცნიერებებს შორის. აქ მნიშვნელოვანია მასწავლებლის შინაგანი რწმენა, რომ რასაც აკეთებს აუცილებლად შედეგს გამოიღებს; თუ ეს რწმენა არ არის, შედეგიც ვერ დადგება. მშობელთა მოსაზრება კომპლექსურ დავალებაზე არაერთგვაროვანი იყო დასაწყისში, თუმცა მშობლისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებით შევძელით ამ პრობლემის დაძლევა.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ? - ჩვენი სკოლა აქტიურად ახორციელებს პროექტული სწავლების პროგრამას. ამჟამად სკოლა ჩართულია ხუთ სხვადასხვა სასწავლო პროექტში. ერთ-ერთი მათ შორის საერთაშორისო პლატფორმაზე etwinning-ზე მიმდინარეობს თურქ თანატოლებთან ერთად.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ? - მის საჭიროებას ვერ ვხედავთ და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად; გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებისათვის ჩვენ სწორედ შაბათ დღეს ვიყენებთ ხოლმე და ეს შეხვედრები ძირითადად ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?- ჩვენი სკოლის პედაგოგთა 70% არის აცრილი, უმეტესობას გადატანილი აქვს კოვიდი, ხოლო მშობელთა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ.