„კომპლექსური დავალებები და განმავითარებელი შეფასებები მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეს სწავლა ვასწავლოთ“-სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
15-11-2021
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ჩვენს სკოლაში, ამ ეტაპზე სწავლა დასწრებით ფორმატში მიმდინარეობს. ყველა რეგულაციას ვიცავთ, საბედნიეროდ სკოლის არცერთ მოსწავლეს და თანამშრომელს ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვქმნია. მოსწავლეების და მშობლების განწყობაც დადებითია. 

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- სიახლეები ყველა სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განათლების სისტემას კი დღეს, ისე სჭირდება ცვლილებები, როგორც არასდროს. კომპლექსური დავალებები, განმავითარებელი შეფასებები და სხვა ინსტრუმენტები მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეს სწავლა ვასწავლოთ. ამ მოდელით მომუშავე მასწავლებელს ყველაზე მეტად აინტერესებს მოსწავლეების სწავლების გზა, კოგნიტური პროცესები, რომლებიც მოსწავლეებმა განვლეს დავალების შესასრულებლად. მოსწავლეებს და მშობლებს ერთულებათ კომპლექსური დავალებები, მაგრამ მაინც აქტიურად არიან ჩართულები, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ნამუშევრების წარდგენა.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლა არაა ჩართული მრავალფეროვან ღონისძიებებში. რაიონულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას, გვყავს წარმატებული მოსწავლეები, მათ შორის წარმატებული სპორტსმენები. აგრეთვე ვმუშაობთ პროექტზე - „მოსწავლეები უკეთესი მომავლისათვის“, რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- 2021-2022 სასწავლო წელს საბედნიეროდ არ შეგვქმნია აღნიშნული პრობლემა. სწავლა დავიწყეთ სასკოლო სივრცეში, შესაბამისად არც გაცდენები გვაქვს და არც სხვა რამეს გამოუწვევია სასწავლო პროგრამის ათვისებაში სირთულე, რომ სასწავლო დღედ შაბათის გამოყენება იყოს საჭირო.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ამ ეტაპზე, ჩვენს სკოლაში მხოლოდ ორი მასწავლებელია აცრილი, ყველა თანამშრომელს გადატანილი გვაქვს აღნიშნული ვირუსი. რამდენადაც ვიცი, მშობლებიც არ არიან აცრილები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203