საქართველოს კანონმდებლობაში გაზაფხულზე შესული ცვლილება ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო კაბინეტის მოწყობას ავალდებულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე Etaloni.ge დაინტერესდა, მიმდინარე (2021-2022) სასწავლო წლის დასაწყისში რამდენ სკოლაში ფუნქციონირებდა სამედიცინო კაბინეტი, 2021 წლის იანვრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში რამდენმა საჯარო სკოლამ მოაწყო სამედიცინო კაბინეტი და ვინ ამოწმებს მათი მუშაობის გამართულობას?
განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი 628 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, აქედან 25 საჯარო სკოლაში მოეწყო სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე.
„აქვე გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 მარტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში'' შეტანილი ცვლილების შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულელებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას უზრუნველყოფს 2022 წლის 15 სექტემბრამდე“, - აცხადებენ განათლებისა და მეეცნიერების სამინისტროში.
უწყების ცნობითვე, ვინაიდან სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების თუ ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე პასუხისმგებელი დირექტორია, მისი ვალდებულება ვრცელდება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გამართულ ფუნქციონირებაზეც.
„ამდენად, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი“, - განუცხადეს Etaloni.ge-ს.