„მომავალი წლისთვის აბიტურიენტებს 2 ცვლილება ელით“ - „ნაეკის“ წარმომადგენელი განმარტებებს აკეთებს
15-11-2021

2022 წელს აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტებში. აპლიკანტებს სამი დავალების შესრულება მოუწევთ:   I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება და III. წერითი დავალება. ტესტში შესული ცვლილებებსა და მიზეზებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ ისაუბრა: 

„მომავალი წლისთვის აბიტურიენტებს 2 ცვლილება ელით, ერთი გახლავთ წაკითხულის გააზრება, რომელიც გარკვეული მოდიფიკაციით დაბრუნდა, წლების განმავლობაში იყო ეს დავალება და რამდენიმე წლის წინ ამოვიღეთ გამოცდიდან. რატომ დაბრუნდა? -  წაკითხულის გააზრების უნარი უმნიშვნელოვანესია, რომელიც ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს. ეს ფიქსირდებოდა ზოგადი უნარების გამოცდაზე, მართალია საინფორმაციო ტექსტების მიხედვით იყო და არა მხატვრულის, მაგრამ გადაფარვა რომ არ ყოფილიყო, მაშინ უარი ვთქვით ქართული ენასა და ლიტერატურის გამოცდაში ამ დავალებაზე. უკვე რამდენიმე წელია, რაც ზოგადი უნარების გამოცდა არ არის სავალდებულო, ამიტომ დავაბრუნეთ ეს კომპონენტი სავალდებულო გამოცდის ფორმატში.

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ, განსხვავებული წერითი დავალება. ეს გახლავთ კომპლექსური დავალება - ლიტერატურული ესე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით ამ დავალებისკენ, ვამზადებდით აბიტურიენტებს იმისთვის რომ ეს შეგვეთავაზებინა. ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა მშვენივრად ახერხებდა მხატვრული ტექსტის ანალიზში ამ პრობლემატიკის ჩასმას ზოგად კონტექსტში და თანამედროვეობასთან დაკავშირებას. მეორე მხრივ - არგუმენტირებული ესეს დავალების შესრულებისას პრობლემაზე მსჯელობისას ისინი ეფუძნებოდნენ, ჩვენს მდიდარ მხატვრულ ლიტერატურას და მივხვდით, რომ უკვე მომზადდა ნიადაგი, რათა ეს დავალება შეგვეთავაზებინა“.

იხილეთ: მათემატიკისა და ისტორიის გარდა აბიტურიენტებს სხვა საგნის არჩევის უფლებაც ექნებათ - რა სიახლეები შევიდა ეროვნულ გამოცდებზე

„ეს კოსმეტიკური ცვლილებაა და უკან ვბრუნდებით“ - მაია მიმინოშვილი 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203