პრაქტიკოსების ნაწილი იანვარში უფროსის სტატუსს მიიღებს, ნაწილს კი კანონის მიხედვით სკოლის დატოვება უწევს. საქმე იმაშია, რომ პედაგოგებს, რომლებსაც საგანი 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, მაგრამ პროფესიულ უნარებს ვერ აბარებდნენ, ახალი წლიდან უფროსის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში განუცხადეს.
მასწავლებლის სახლი მორიგ დათმობაზე წავიდა, მიუხედავად ამისა, 2000-ზე მეტ პედაგოგს არც საგანი აქვს ჩაბარებული და არც პროფესიული უნარების გამოცდა, შესაბამისად, მათზე ეს შეღავათი ვერ იმოქმედებს და იანვრიდან სკოლის დატოვება მოუწევთ.
რამდენად გაუშვებენ დირექტორები მასწავლებლებს შუა სასწავლო წელს და გადაერთვებიან ახალი კადრების მოძიებაზე, ეს ცალკე საკითხია. როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, დირექტორებს და პრაქტიკოსებს უკვე აქვთ შეთანხმება, რომ სკოლას არავინ დატოვებს, გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგები კი მოწვეულ მასწავლებლებად გაფორმდებიან.
მოწვეულ პედაგოგებს 9 საათის ჩატარების უფლება აქვთ, შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლები ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ, თუმცა სკოლაში იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენსაც მოისურვებენ, პარალელურად კი ყოველ წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საშუალება მიეცემათ. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ ისინი იმავე სკოლაში, სადაც დასაქმებულები არიან, მაძიებლის პროგრამაში ჩაერთვებიან, კურსის დასრულების შემდეგ კი - უფროსის სტატუსს მოიპოვებენ.
იანვრიდან სკოლებში მასშტაბურ ვაკანსიებს არ უნდა ველოდოთ, რადგან პრაქტიკოსების ნაწილი უფროსი გახდება, ნაწილი - მოწვეული მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებს. საერთო ჯამში კი „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება“.
იხილეთ ასევე: გამოცდაზე ჩაჭრილი მასწავლებლები იანვრიდან უფროსის სტატუსს მაინც მიიღებენ
უნარებში ჩაჭრილმა 200-მდე პრაქტიკოსმა სტატუსი შესაძლოა ტრენინგით აიმაღლოს - საკითხს განათლების სამინისტრო განიხილავს