„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასწავლო დღედ შაბათის გამოყენება“-ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?
- სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით ფორმატში. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები. რაც შეეხება მშობელთა და მოსწავლეთა განწყობებს, არის არაერთგვაროვანი, თუმცა უმრავლესობა მომხრეა დასწრებითი სწავლების.
- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?
- კომპლექსური დავალება იდეაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, შესასწავლი საკითხის გააზრებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილის მხრიდან, მრავალი მიზეზის გათვალისწინებით, ასეთი ტიპის დავალებების შესრულება ვერ მოხერხდება. პირველ რიგში, სწავლების მსგავსი მეთოდების გამოყენება მოითხოვს შესაბამის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფას, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ვერ ხერხდება. ასევე, ამ ტიპის დავალებების შესრულებას ართულებს სწავლების დისტანციური ფორმატიც.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?- ვინაიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით ფორმატში, ღონისძიებებიც იმართება სასკოლო სივრცეში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?- დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასწავლო დღედ შაბათი დღის გამოყენება, თუმცა რეკომენდაციების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ სასწავლო დღედ შაბათის გამოყენებას.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?- მშობელთა ვაქცინაციის მავენებელი ძალიან დაბალია. რაც შეეხებათ პედაგოგებს, მათი 70% ვაქცინირებულია.