„გასაიდუმლოებას ღიაობა და საჯაროობა ყოველთვის სჯობს“-სკოლის დირექტორები მოსწავლეთა შეფასებებზე
სასკოლო ცხოვრებაში ალბათ ყველას გამოუცდია შეგრძნება, როდესაც შეფასებებს ყველას თანდასწრებით აცხადებდნენ. დღეს, მოსწავლის შეფასებების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად კონფიდენციალურია. ფაქტმა, რომ მშობელს ანდაც თავად მოსწავლეს, სხვების ნიშნების გაგება აღარ შეუძლიათ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი ფიქრობს, რომ სხვა ბავშვების ნიშნების არცოდნა მოტივაციაზე უარყოფითად აისახება და მშობლები საკუთარი შვილის კლასის საერთო დონეზე ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. ნაწილსაც კი კონფიდენციალურობა მოსწონს, რადგან ბავშვები დამატებით სტრესს აღარ იღებენ და არც თანატოლებისგან თუ სხვა მშობლებისგან ხდებიან გაკიცხვის ობიექტები.ნიშნების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით
etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებმაც საინტერესოდ ისაუბრეს.
ნანა მამუკაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:მიმაჩნია, რომ ნიშნები კონფიდენციალური უნდა იყოს. რატომ უნდა იცოდნენ არასრულწლოვანმა მოსწავლეებმა ერთმანეთის შეფასებები? ზოგადად მე ქულებით შეფასების სისტემის მოხრე არ ვარ, უნდა იყოს განმავითარებელი შეფასება. ქულების მიხედვით შეჯიბრება არაჯანსაღი კონკურენცია მგონია. ვფიქრობ, არც მშობლებმა უნდა იცოდნენ სხვა ბავშვების შესახებ პირადი ინფორმაცია. ხოლო თუ ის აინტერესებს, კლასში სწავლის რა დონეა ანდაც მისი შვილი როგორ სწავლობს, დირექციასთან შეთანხმებით თავისუფლად შეუძლია გაკვეთილს დაესწროს. ყველა მშობელს შეუძლია ნებისმიერ საგანს დაესწროს, მოისმინოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, ვინ რა დონეზეა და მისი შვილი სად არის.
ემზარ ჩიჩუა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი:პირადად მე მიმაჩნია, რომ დანაშაული არ არის, როდესაც მეგობრებმა ერთმანეთის ნიშნები იციან და მათთვის ეს ფსიქოლოგიური სტრესი არ მგონია იყოს. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ გაკვეთილზე მაქსიმუმ 10-15 მოსწავლე იყოს და აქედან გამომდინარე, არ მგონია ერთმანეთის ნიშნებისა თუ შეფასებების გამოცხადება, ან ცოდნა რაიმე სახის უხერხულობას ქმნიდეს. არც იმაში ვხედავ რაიმე პრობლემას, რომ მშობლებმა იცოდნენ საკუთარი შვილის თანაკლასელების შესახებ და არც ისაა ცუდი, რომ არ იცოდნენ. გადამწყვეტ პასუხის ვერ ვიტყვი, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია და თითოეულ მათგანს აქვს თავისი არგუმენტები.
თამილა ქურხაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:მე ვფიქრობ, რომ უკეთესია ნიშნები კონფიდენციალური იყოს. მშობელსაც და მოსწავლესაც საკუთარ ნიშნებზე წვდომა აქვთ, თუმცა განმავითარებელი შეფასება თითოეულ მოსწავლეს კლასშივე ეძლევა და ბავშვმა თავისი საჭიროებების შესახებ იცის. ეროვნული სასწავლო გეგმიდან მითითებული გვაქვს, რომ მშობელთა კრებაზე სასურველია კონკრეტულად თითოეული ბავშვის პირად ინფორმაციაზე სხვა მშობლის თანდასწრებით არ ვისაუბროთ. კორონავირუსიდან გამომდინარე, ახლა მშობლებისთვის ინფორმაციის მიწვდენას ინდივიდუალურად ვახერხებთ. პირადად მე განმავითარებელ შეფასებაზე ვაკეთებ აქცენტს და ეს მგონია უფრო მეტად შედეგის მომტანი; ეს ხომ თითოეულ ბავშვზე, ინდივიდუალურად არის გათვლილი და ისინიც საკუთარ თავზე მეტ ინფორმაციას ფლობენ. მიმაჩნია, რომ ყოველთვის უნდა ვახერხებდეთ ბავშვთან სრულყოფილად მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რატომ დაიმსახურა ესა თუ ის ნიშანი და რაზე უნდა გაამახვილოს უფრო მეტად ყურადღება; როდესაც საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტი იციან ბავშვებმა, წესით ეს უფრო მეტ შინაგან მოტივაციას უნდა აძლევდეს მოსწავლეს.
მაგამედ მაგამედალიევი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის დირექტორი:პირადად მე მგონია, რომ ბავშვებმა ერთმანეთის ნიშნებზე თუ იციან ეს დანაშაული არ არის. ზოგი ბავშვი ისეთია, როდესაც წარჩინებულ მოსწავლეს ხედავს და მის ნიშანს იგებს ეს მისთვის მოტივატორი ხდება. ახლა ეს ყველაფერი კონფიდენციალურია და მათ შორის მშობლებმაც არ იციან შვილის თანაკლასელების შესახებ ინფორმაცია.
ნოდარ მგელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:ნიშნის ჩუმად დაწერა შედეგიანად არ მიმაჩნია. ვთვლი, რომ მასწავლებელმა ნიშანი კლასში უნდა გამოაცხადოს, რომ შენ დღეს ეს ქულა დაიმსახურე, რომ მეორე მოსწავლისთვის ასე ვთქვათ საზომი იყოს. რა აზრი აქვს ნიშნის დაწერას, თუ ამას ჩუმად გააკეთებ? ვფიქრობ, მშობლებმაც უნდა იცოდნენ მისი შვილის კლასის დონის შესახებ. ადრე მშობელთა კრებებზე თითოეული ბავშვის ნიშანს აცხადებდნენ, რათა იმ ბავშვის მშობელს, რომლის შვილიც კარგად არ სწავლობდა მეტად შეეწყო სწავლაში ხელი. ახლა ყველაფერს ჩუმად ვაკეთებთ და სიჩუმით არაფერი გამოვა.
საული სულაბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი:
მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ერთმანეთის შეფასებები უნდა იცოდნენ, რათა გაიგონ ვის რა წარმატება აქვს; ეს ჯანსაღ კონკურენციასაც შეუწყობს ხელს და მოსწავლეებში მოტივაციასაც გაზრდის. ის ფაქტი, რომ დაფარულია ნიშნები ეს უფრო მეტ ეჭვს გააჩენს - მშობლებთანაც და კოლეგებთანაც. გაკვეთილზე რა ნიშანსაც დავწერ სხვამაც უნდა ნახოს, რათა გაიგონ რამდენად ობიექტურად ვაფასებს. ჩემი აზრით გასაიდუმლოებას ღიაობა და საჯაროობა ყოველთვის სჯობს.