განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის სასწავლო პროცესის ახალ გამოწვევად კომპლექსური დავალებები იქცა. ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი თვლის რომ უმიზნო შრომაა და რეალურად შედეგის მომტანი არ არის.
„კომპლექსური დავალებების“ შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ლექტორმა არჩილ გამზარდიამ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„კომპლექსური დავალებების“ მცირე მეგზური მასწავლებლებისა და მშობლებისათვის:
დღეს მქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროს ექსპერტთან ნიკო სილაგაძესთან, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელთან მარიამ ჩიქობავასთან, განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან.
ვისაუბრეთ ზოგადად, განათლების სისტემაზე, სახელმძღვანელოებზე, ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ ე.წ. „კომპლექსურ დავალებებს“.
საერთო ჯამში, იდეა მშვენიერია, შეუძლია სათანადო კომპეტენციების და უნარების განვითარება მოსწავლეებში, ცხადია, კარგად თუ განხორციელდება, თუმცა, სწორედ ამ განხორციელებასთან გვაქვს სამუშაო.
1. კომპლექსური დავალებები არ არის დავალებები მოსწავლისათვის, მითუმეტეს მშობლებისათვის.
2. კომპლექსური დავალებები უნდა აწარმოოს მასწავლებელმა მოსწავლეებთან, მუდმივ რეჟიმში, სადაც ერთმანეთზეა დაშენებული არსებული საგაკვეთილო პროცესი, რომელიც კომპეტენციების მხრივ ავითარებს მოსწავლეებს. ეს პროცესი კომპლექსურად სკოლამ უნდა წარმართოს, მასწავლებლების ორგანიზებით და მუშაობით და არაა საშინაო სამუშაო, არამედ სასკოლო სამუშაო.
3. კომპლექსურ დავალებებზე მასწავლებლებმა მუდმივად უნდა იმუშაონ მათი ცალკეული ნაწილების შესრულების კუთხით, ასევე საკლასო ფორმატში უნდა დამუშავდეს, ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს.
4. მშობლის ჩართულობა კომპლექსურ დავალებებში არის თანამშრომლობითი და არა საშემსრულებლო. მშობელი მეთვალყურეა და არა დავალების გამკეთებელი.
5. მოსწავლეების ნიშნით შეფასება ამ დავალებებით სავალდებულო არაა (სავალდებულოა მხოლოდ განმავითარებელი უკუკავშირი), თუ არ თვლიან მშობლები და მასწავლებლები შეფასებას საჭიროდ, არც იყოს შეფასებადი კრიტერიუმი. აქვე, მასწავლებლებმა მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა შეათანხმონ მშობლებთან ნაცვლად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისა.
6. საჭიროა აქტიური მუშაობა საჭირო მასწავლებლებთან, რომ ეს პროცესი მასწავლებლისთვის არ იყოს ზედმეტი, რთული, სტრესული და არ გადასდონ თავის და უნებურად ეს სტრესი მოსწავლეებს.
მე გარკვეული იდეები მივაწოდე სამინისტროს, რომელზეც სამინისტრო იმსჯელებს და იმედია, გაითვალისწინებს, კერძოდ, გარდამავალ ეტაპზე.
სანამ ეფექტურად დაფუძნდება რეფორმა:
(1) ამ დავალებებს არ ერქვას „დავალება“, რადგან ეს ტერმინი ინტერპრეტაციებს ქმნის, შესაძლოა ეს კვალიფიკაცია შეიცვალოს და დაერქვას სასკოლო საგნობრივი პროექტი საკლასო აქტივობის ფორმატში ან სხვა მსგავსი დისკურსით.
(2) საწყის ეტაპზე ამოვარდეს მოსწავლეების შეფასებითი კომპონენტები კომპლექსურ დავალებებში, ნაცვლად ამისა სპეციალური ქოუჩების მეშვეობით ანუ დახმარებით, შეფასდნენ მასწავლებლები, რაც მათ დახელოვნებაში დაეხმარებათ, ასევე გაკეთდეს დრო და დრო მოსწავლეების კმაყოფილების შეფასება კომპლექსურ დავალებებთან მიმართებაში, რომ ვნახოთ, რამდენად ჰარმონიულად და სასურველად ახერხებს მასწავლებელი კომპლექსური დავალებების დაფუძნებას და განხორციელებას მოსწავლეებში.
კიდევ ბევრ დეტალზე გავცვალეთ აზრები, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, ცხადია, მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე დიდი მადლობა სამინისტროს, რომელიც ჩემს კრიტიკას თანამშრომლობით შეხვდა.