შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეებს მიმართავს და ახსენებს, რომ ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ვადა 26 ნოემბერს იწურება.
„X-XII კლასების მოსწავლეების საყურადღებოდ! შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას.
სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.