როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია მის სკოლაში ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი საუბრობს.
- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?
- ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დასწრებითი ფორმატით, რადგან არც სკოლაში და არც სოფელში არც ერთი ინფიცირებული არ არის.
- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?
- პანდემიის დაკავშირებით, ჩვენ ყველა ღონისძიებას ვატარებთ. გვაქვს თერმომეტრი, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ ჩვენს სკოლაში დაცულია ყველა რეგულაცია.
- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?
- შაბათი რომ გამოვიყენოთ სასწავლო დღედ ჩვენს სკოლაში და მშობლებში სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ შაბათიც იქნება სასწავლო დღე ძალიან კარგი იქნებოდა მოსწავლეებისათვის.
- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?
- ჩვენი სკოლის მასწავლებლების 40% აცრილია ორი დოზით. დანარჩენსაც სურვილი აქვს. მშობლებში, ჯერჯერობით, არც ერთი არაა ვაქცინირებული.