მშობლებს შვილებისთვის სწავლების ფორმატის არჩევის საშუალება აქვთ. ყოველ ხუთშაბათ დღეს მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირება ან ონლაინ სწავლებიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლა შეუძლიათ.
პედაგოგების უმრავლესობას მსგავსი არჩევანის უფლება არ აქვთ. უფრო მეტიც, პედაგოგები ორმაგად არიან დატვირთულები, ატარებენ გაკვეთილებს სკოლაში, შემდეგ კი - „თიმსში“. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.
რომელ მასწავლებლებს შეუძლიათ დისტანციური სწავლების მოთხოვნა? რის საფუძველზე აძლევენ პედაგოგს უფლებას, რომ გაკვეთილები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩაატაროს? შემცირდება თუ არა მასწავლებლის ანაზღაურება თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავა? - გთავაზობთ აქტუალურ კითხვებზე პასუხებს.
დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს აქვთ. რისკჯუფად მიიჩნევიან 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
თუ მასწავლებელი რისკჯგუფის წარმომადგენელია, მან სკოლის ადმინისტრაციას მოთხოვნით უნდა მიმართოს და წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა. შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე კი მას სკოლაში სიარული აღარ მოუწევს და გაკვეთილებს „თიმსში“ ჩაატარებს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, რისკჯგუფში მყოფი პედაგოგებისთვის, რომლებიც დისტანციურ სწავლებას აირჩევენ, შემოსავალი იგივე დარჩება, ისინი იმავე რაოდენობის ხელფასს მიიღებენ, როგორც სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების დროს იღებდნენ.
დაავადების ჩამონათვალი, რომელიც ქრონიკულად მიიჩნევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.