„კომპლექსური დავალებების ფორმატი ჩემთვის სავსებით მისაღებია“ - გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან როყუა
24-11-2021
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან როყუა საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან ოთხ პედაგოგსა და სამ მოსწავლეს დაუდასტურდათ კოვიდი, რის გამოც სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე. შექმნილი ვითარება უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეთა და მშობელთა განწყობაზე.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ჩემთვის სავსებით მისაღებია დავალებების ამგვარი ფორმატი, რადგან მიმაჩნია რომ მოსწავლისათვის უმნიშვნელოვანესია ნასწავლი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელოს, მოახდინოს თავისი ცოდნის ტრანსფერი. მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ  ამ მეთოდს, რასაც ვერ ვიტყოდი მშობლებზე. მიზეზად ისინი ასახელებენ იმას რომ უჭირთ შვილების ჩართვა დისტანციურ რეჟიმში.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- პანდემიის გამო შემცირდა სკოლაში დაგეგმილი სასწავლო და კლასგარეშე აქტივობები. უახლოეს მომავალში იგეგმება საშობაო ღონისძიება, აგრეთვე დედის დღესთან და რვა მარტთან დაკავშირებული შიდა სასკოლო ღონისძიებები და ისიც დაწყებით კლასებში.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ზოგჯერ მართლაც ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე.  თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენს შემთხვევაში შაბათობით სწავლა არ არის აუცილებელი, რადგან პედაგოგთა ძალისხმევით ამ პრობლემას ადვილად ვუმკლავდებით.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სკოლის პერსონალის 40 პროცენტი არის სრულად აცრილი და ვაქცინაციის პროცესი დადებითობით ხასიათდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203