კოვიდპანდემიისგან გამოწვეული სასკოლო რეგულაციების გამო მასშტაბური ღონისძიებები იკრძალება. თუ ადრე სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღე, „ბოლო ზარი“, შემოდგომის გაცილება თუ ახალი წელი ღონისძიებებით აღინიშნებოდა, კორონავირუსის გავრცელების შიშმა და სიფრთხილემ ყველაფერი შეცვალა.
შემოდგომა იწურება და დაწყებითი კლასის მასწავლებლები თემაზე „შემოდგომის გაცილება“, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხოლმე, ვინ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებას ჩაატარებდა. ასევე სახალისო და ბავშვებისთვის საყვარელ აქტივობათა შორის იყო საახალწლო ზეიმები, სპექტაკლები, წარმოდგენები.
რა ფორმით უნდა ჩატარდეს სასკოლო ღონისძიებები ისე, რომ კოვიდრეგულაციები არ დაირღვეს?
მასწავლებელს შეუძლია, ბავშვები კვლავ ჩართოს ღონისძიებებში, თუმცა ზეიმის დროს აუცილებელია მოსწავლეთა შორის დისტანცია და პირბადე. დაუშვებელია ზეიმზე სხვა კლასის მოსწავლეების ან მასწავლებლების თავშეყრა.
შეიძლება თუ არა მშობელთა დაშვება ღონისძიებეზე?
თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე მშობელთა შესვლაც კი აკრძალულია, ღონისძიებებზე მათი დასწრებაც არ შეიძლება. თუმცა დირექციას უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, რამდენად სარისკოა გამონაკლისის დაშვება და უფლება მისცეს ერთ ან ორ მშობელს, რომ დაესწროს ზეიმს სამახსოვრო ფოტო-ვიდეოს გადასაღებად.
ყველაფერი კორონავირუსს რომ არ დაბრალდეს, ბოლო წლებში ისედაც ბევრი ალაპარაკდა სასკოლო ზეიმების უარყოფით მხარეებზე, თუმცა იქ, სადაც საშემოდგომო/საახალწლო ზეიმების სამზადისია, სავალდებულოა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა დაჯარიმდება 10 ათასი ლარით.