„ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო“ - მარნეულის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულები დიპლომებით დაჯილდოვდნენ
26-11-2021
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მუდამ განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზეა და ამის დასტურია, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დისტანციურ ფორმატში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლები ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ტრადიციულად აქტიურად მონაწილეობენ. ასე იყო წელსაც. მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მარადისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გვანცა ბოლქვაძემ მოიპოვა. მეორე ადგილის მფლობელი ხიხანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე რატი ყურშუბაძე გახდა, ხოლო მესამეადგილოსანი შაუმიანის N2 საჯარო სკოლის IX კლასელი ლუდმილა თეიმურაზიანია.

24 ნოემბერს მარნეულში, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა, რა დროსაც საზეიმო ვითარებაში პროექტ „ეტალონის“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მარნეულში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს ეს უდიდესი წარმატება მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად გულითადად მიულოცა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს და „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ სკოლის დირექტორს etaloni.ge დაუკავშირდა, რომლებმაც პროექტისა და დაჯილდოების შესახებ ემოციურად ისაუბრეს.

გვანცა ბოლქვაძე, „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“, მარადისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:

- „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. გუშინდელ დღემდე არ მჯეროდა ეს დიდი გამარჯვება და მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა დამაჯილდოვა და მომილოცა. ბატონმა გოჩამ წარმატებები მისურვა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რუსლან ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონი“ შემოქმედებითი და მრავალფეროვანი პროექტია. მე გუშინ, დაჯილდოების ცერემონიაზეც აღვნიშნე, რომ თავად მოსწავლეების სურვილია ჩემპიონატი წელიწადში ორჯერ ტარდებოდეს, რადგან პირველ ეტაპზე მონაწილეობის შემდეგ მათ სწავლისადმი მოტივაცია გაეზარდათ. თითოეული აღნიშნავდა, რომ მეორე ეტაპზე გადასასვლელად ძალიან მცირე დააკლდათ. გუშინდელმა დღემ გვანცას, გამარჯვებულ მოსწავლეს ნამდვილად დაანახა სწავლას რაოდენ დიდი ფასი აქვს. შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნას და შემდგომ, დაჯილდოების ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და გვანცასთვის მათ გვერდით დგომა კიდევ უფრო დიდი სტიმულის მიმცემი გახდა. შეგვპირდა, რომ ოქროს მედალსაც აუცილებლად დაიმსახურებს. დაჯილდოების ცერემონიამდეც და შემდეგაც, პირადად მე და ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სამომავლო პროექტებსა და თანამშრომლობაზე ვრცლად ვისაუბრეთ. ჩვენი სკოლა ნამდვილად აპირებს, რომ „ეტალონს“ მუდამ გვერდით ედგეს. ბოლო 5 წელიწადში ორი „ეტალონი მოსწავლე“ და ერთი ფინალისტი გვყავდა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად სასიხარულო და საამაყო ფაქტია. „ეტალონი“ მოსწავლეებს ყველაზე დიდ ცოდნას და გამოცდილებას აძლევს, ეს კონკურსი ერთჯერადი და ერთფეროვანი ნამდვილად არ არის და სწორედ ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს დასაფასებელი. ასევე, აღვნიშნავ, რომ შოთა რუსთაველის ძეგლის მარნეულში გახსნა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და თავად ამ ფაქტით ძალიან ვამაყობთ. შოთა მხოლოდ ქართველებისთვის კი არა, მთელი მსოფლისთვის ბუმბერაზი მწერალია.

რატი ყურშუბაძე, ხიხანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, მეორე ადგილის მფლობელი:

- უპირველასად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილის მოპოვება ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობ, ეს წარმატება ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო. გუშინ გამარჯვებული მოსწავლეები ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა დაგვაჯილდოვა და ძალიან გამიხარდა, რომ გვითხრა ყოჩაღი ბავშვები ხართო. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ, რადგან ძალიან სახალისო და ამავე დროს, საინტერესო პროექტია.

ლუდმილა თეიმურაზიანი, შაუმიანის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, მესამე ადგილის მფლობელი:

- მე პირადად ეთნიკურად სომეხი გახლავართ და „ეტალონში“ მესამე ადგილის დაკავება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლავთ. ნამდვილად არ ველოდი და როდესაც კლასის ხელმძღვანელმა ეს სიხარულო მოვლენა მაცნობა, სიხარულისგან დავფრინავდი. გუშინ, როდესაც ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომით დამაჯილდოვა, სიხარულისგან ცეკვა მინდოდა, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203