მანდატურის სამსახურს ახალი ფუნქციები დაემატა და რა შემთხვევაში გასცემენ მოსწავლის პერსონალურ ინფორმაციას
29-11-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახურს დაევალა ზედამხედველობა ბავშვზე, რომელსაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, კომპეტენციის ფარგლებში, უწევს მომსახურებას. ასევე, განისაზღვრა შემთხვევები, რომლის მიხედვითაც მანდატურის სამსახური და ცენტი ერთობლივად ახორციელებენ მუშაობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაზე.

ცვლილებებს, რომელიც „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებაში შევიდა, ხელი პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მოაწერა. 

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 − მე-11 პუნქტები:

„5. მანდატურის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის პროცესის ფარგლებში რეგულარულად (შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული ვადისა და პირობების დაცვით) აწარმოებს ზედამხედველობას ბავშვზე, რომელსაც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო), კომპეტენციის ფარგლებში, უწევს მომსახურებას. სოციალური მომსახურეობის სააგენტო ვალდებულია, მანდატურის სამსახურს, დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებებისა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ. მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ა) ბავშვის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;

ბ) სკოლის დასახელებას, კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს;

გ) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას;

დ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას;

ე) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს;

ვ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

ზ) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ.

6. სააგენტო და მანდატურის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ მუშაობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაზე, თუ:

ა) სააგენტოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და საჭიროა დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება;

ბ) ბავშვი არის სააგენტოს მომსახურების მიმღები, მაგრამ სკოლიდან გადამისამართებულია მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრშიც (სამმართველო);

გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მიერ მომსახურების მიწოდების პროცესში გამოიკვეთა სააგენტოს ჩართულობის საჭიროება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით.

7. რეფერირების პროცედურების ფარგლებში, მანდატურის სამსახურისა და სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება ბავშვის შემთხვევის განხილვა (ქეის-კონფერენცია), თუ:

ა) ბავშვი ძალადობის/სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია;

ბ) შემთხვევა საჭიროებს ორივე უწყების კოორდინირებულ მუშაობას, როგორც შემავსებელი მომსახურების;

გ) ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის მოქმედებას ოჯახის წევრ ბავშვებს შორის;

დ) სააგენტოსა და მანდატურის სამსახურის სპეციალისტებს (ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი/ფსიქიატრი) სჭირდებათ ერთმანეთთან კონსულტაციის გავლა.

8. შემთხვევის ერთობლივი განხილვის (ქეის-კონფერენცია) დროს სააგენტო და მანდატურის სამსახური უფლებამოსილნი არიან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, ჩართონ სხვა უწყების წარმომადგენლები.

9. სააგენტოსა და მანდატურის სამსახურის მიერ შემთხვევის ერთობლივი განხილვა (ქეის-კონფერენცია) იმართება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის იდენტიფიცირებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, ერთი შემთხვევის ერთობლივი განხილვა (ქეის-კონფერენცია) შესაძლებელია, განხორციელდეს რამდენჯერმე.

10. შემთხვევის ერთობლივი განხილვისას (ქეის-კონფერენცია) მიღებული ინფორმაცია და გადაწყვეტილება ისევე, როგორც ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთობლივი მუშაობისას მიღებული ინფორმაცია და გადაწყვეტილება კონფიდენციალურია და არ დაიშვება მისი გასაჯაროება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

11. შემთხვევის ერთობლივი განხილვის (ქეის-კონფერენცია) შემდგომ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმის შედგენასა და შენახვას ახდენს შემთხვევის ერთობლივი განხილვის (ქეის-კონფერენცია) ინიციატორი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს მეორე უწყებისათვის ოქმის ასლის მიწოდებას, ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 3  სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს (სამმართველო) მიმართავს ბავშვისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს წერილობით და დასაბუთებულ მიმართვას მომსახურების აუცილებლობის თაობაზე თან ერთვის ინფორმაცია სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ. მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ა) ბავშვის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს;

ბ) სკოლის დასახელებას, კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს;

გ) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას;

დ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას;

ე) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს;

ვ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;

ზ) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ.“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203