უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდების მოლოდინში არიან. 2021 წლის ზაფხულში მათ ტესტირება არ შეხებიათ და სხვათა შორის, არაერთხელ ითქვა, რომ ისინი კარიერულ წინსვლაში შეფერხდნენ. 2022 წელს მაინც თუ ჩატარდება გამოცდები სტატუსიანი პედაგოგებისთვის და მიეცემათ თუ არა უფროსებსა და წამყვანებს სტატუსის ამაღლების საშუალება? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „ნაეკი“ აღნიშნული ტესტირებისთვის ემზადება:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კანონმდებლობით ევალება 2022 წელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდის ჩატარება, შესაბამისად, მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. გამოცდა მზადდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე დაყრდნობით (იხ. სტანდარტი). დამატებითი დეტალები გამოცდის თაობაზე ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება“.
ინფორმაციისთვის კი შეგახსენებთ, რომ უფროს და წამყვან მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება უწევთ.
იხილეთ ასევე:
„უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დავიჩაგრეთ“ - რა ცვლილება სურთ პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში?