პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდებათ - „მასწავლებლის სახლი“ კონკურსს აცხადებს
01-12-2021

კონკურსის პირობები აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შესარჩევად. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილე, ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს - შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე - info@tpdc.ge

(განცხადების ფორმა გთხოვთ იხილოთ თანდართული სახით).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV);

ბ) ტრენინგმოდულის პირობებით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;

გ) საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;

დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის შერჩევას/შესაბამისობის დადგენას ახდენს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.

დანართი 1 - განცხადების ფორმა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203