სკოლის ექიმის სტანდარტი კვლავ არ არის დამტკიცებული. განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სკოლის ექიმს საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატება, რაც მოსწავლეებისთვის მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იქნება.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 648 დიდკონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.
„მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობას. ამ ეტაპზე 648 დიდკონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. მიმდინარე თვეში აღნიშნულ რიცხვს კიდევ რამდენიმე სკოლა დაემატება, ხოლო 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.
დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი, რაც სკოლის ექიმის ფუნქციებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებას გულისხმობს. ამის გარდა, სკოლებში მოქმედებს „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდება ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა, მინისტრმა.