5 რამ, რაც მასწავლებლებმა სემესტრის დასრულებამდე უნდა მოასწრონ - დარჩენილია 13 სამუშაო დღე
12-12-2021

29 დეკემბერს პირველი სემესტრი სრულდება, იქამდე კი სულ ცოტა დრო დარჩა. მასწავლებლებმა სემესტრის ბოლო კვირებში ბევრი რამ უნდა მოასწრონ.

შემაჯამებელი დავალებები - ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეთა ცოდნა მოწმდება, მასწავლებლები შემაჯამებლისთვის ღია და დახურულ კითხვებს იყენებენ და თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად აფასებენ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ საგანში დადგენილია შემაჯამებლების მინიმალური რაოდენობა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.

კომპლექსური დავალებები - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვიდან გამომდინარე, პედაგოგებს თითოეულ კლასში სემესტრში ერთი კომპლექსური დავალების დაგეგმვა მაინც უწევთ. კომპლექსური დავალებები რამდენიმე კვირაზეა გათვლილი, საკმაოდ შრომატევადია როგორც თავად დავალების დაგეგმვა და მოსწავლეებამდე სწორად მიტანა, ასევე თითოეული ნაშრომის შეფასება და შესაბამისი განმავითარებელი შეფასების დაწერა.

მშობელთა კრება - პანდემიის პირობებში კრებებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, თუმცა ეს დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ დამრიგებლებს მშობელთა კრება ჯერ კიდევ არ ჩაგიტარებიათ, ეს სემესტრის დასრულებამდე უნდა მოასწროთ, რადგან მშობლებთან თანამშრომლობა ბავშვების სწავლა-აღზრდის პროცესში გაცილებით კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე მშობლების ჩართულობის გარეშე.

ელექტრონულ ჟურნალში ქულების შეტანა - განმსაზღვრელი შეფასებებისა და დასწრების აღრიცხვის ჟურნალში შეტანა 8 დღის განმავლობაშია შესაძლებელია, თუმცა „მოთხოვნის“ ღილაკის გამოყენებით, ჟურნალში ცვლილებების შეტანა ნებისმერ დროს შეგიძლიათ. თუ მოსწავლის შეფასებები დეტალურად აღრიცხული არ გაქვთ, სწორედ აღნიშნული ღილაკის გამოყენებით უნდა შეიტანოთ თითოეული ქულა, რათა მოსწავლეებმა სემესტრული ქულის დაანგარიშებაზე პრობლემა არ შეექმნათ.

ელექტრონული ჟურნალში მუშაობისას პედაგოგემა ყურადღება უნდა მოაქციონ მოსწავლეების ქულებს. თუ პედაგოგს ქულასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ქულა გაუქრა ან არასწორად დაუჯამდა დახმარებისთვის შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სპეციალურად პედაგოგების დასახმარებლად შექმნილ ფეისბუქ ჯგუფს უნდა მიმართონ.

განმავითარებელი შეფასება - დაწყებითი კლასის მასწავლებლები განმსაზღვრელ ნიშანს არ წერენ. ისინი მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას იყენებენ, რომლის გრაფაც ელექტრონულ ჟურნალში მთელი სემესტრის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლების ინფორმაციით, განმავითარებელი შეფასებების ელექტრონულ ჟურნალში შეტანა სემესტრის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბრიდან საახალწლო არდადეგები იწყება. მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლებს 17 იანვარს დაუბრუნდებიან.


იხილეთ ასევე: გამქრალი შემაჯამებლები და შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში - როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი ასეთ დროს?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203