ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პანდემიით განპირობებული ონლაინ-სწავლება განსაკუთრებით რთული პირველკლასელთათვის არის და მიუხედავად იმისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებია, ბავშვებს პერიოდულად დისტანციურზე გადასვლა უწევთ. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, ბავშვები სასკოლო ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ და სწორედ ამიტომ, აკადემიური დოქტორის გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა „პირველკლასელთა აკადემია“ - ინოვაციური წიგნი + რვეული, რომელიც თითოეულ პირველკლასელს ცოდნის ტაძარში ამაყად შეუძღვება და ყველანაირი გამოწვევისთვის მოამზადებს.
სახელმძღვანელომ გამოცემისთანავე მოიპოვა პოპულარობა, რა თქმა უნდა, პატარა მკითხველის სიყვარულიც, მოიცვა საქართველოს არაერთი რეგიონი და მათ შორის, სამეგრელო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ იდეის ავტორს და წამყვანსა, აკადემიურ დოქტორს, გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე და მუნიციპალიტეტის მერს გოჩა ტყეშელაშვილმა თავისი ავტორობით შედგენილი სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ეს სახელმძღვანელო უპრეცედენტოა და მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„წიგნი მართლაც ამართლებს სახელწოდებას. სახელმძღვანელო მრავალფეროვანი და შინაარსობრივად დატვირთულია. ვფიქრობ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტორის მოსაზრებებს პრაქტიკაში გამოიყენებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად დაინერგება ის ინოვაციები, რასაც სახელმძღვანელო გვთავაზობს. მუნიციპალიტეტის მერია კი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რაც ჩვენი მომავალი თაობების განათლებისა და განვითარებისთვის რელევანტურია”, ასე შეაფასა სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ „პირველკლასელთა აკადემია“ და მართლაც სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მომავალი თაობების განათლება პრიორიტეტია.