თუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გვერდზე შეხვალთ და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ტექნიკური პერსონალის პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებს გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მათი ანაზღაურება რბილად რომ ვთქვათ, მართლაც არასახარბიელოა.
საექსპერიმენტოდ, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში დამლაგებლის, დარაჯის, ბიბლიოთეკარის, IT სპეციალისტისა და სხვა ტექნიკურ პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებს გადავხედეთ.
ქვემოთ მოყვანილია თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა სკოლების მიერ შეთავაზებული ხელფასები.
მაგალითისთვის, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებლის ხელფასი თვიურად 200-220 ლარია, ხოლო რეგიონში 180-200 ლარი.
ბიბლიოთეკარის ხელფასი რეგიონში 220-225, ხოლო თბილისში 400 ლარია.
დარაჯის თვიური ანაზღაურება თბილისში 240-300, ხოლო რეგიონში 200 ლარია.
ფაქტია, რომ მათი ანაზღაურება საშუალოდ 200-220 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ეს თანხა კი 2021 წლის ოქტომბრის საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 224.2 ლარს შეადგენდა. რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 36.5 ლარით მეტია.
საარსებო მინიმუმის გამოთვლის დღევანდელი სისტემა მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ტრანსპორტის ღირებულება, კომუნალური ტარიფების ღირებულება და სხვა ყოველდღიური ხარჯები არ შედის.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, სკოლის ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები მინიმალური სასურსათო კალათის შესაძენადაც არაა საკმარისი. რომ არაფერი ვთქვათ სხვა ხარჯებისა და კომუნალური გადასახადების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ, თუმცა ეს თანხა მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არაა საკმარისი, რასაც თავად სკოლის თანამშრომლები აღნიშნავენ.
იხილეთ ასევე:
მომატებული 20, 30, 40 ლარი - სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ
სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ - ფინანსთა მინისტრი
მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები ისევ იზრდება