განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სკოლებში, პრაქტიკოსების ადგილზე, იანვრიდან ვაკანსიები გამოცხადდება და დასაქმდებიან ისინი, ვინც ამას იმსახურებენ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წლის წინ სპეციალურად მასწავლებლობის მსურველებისთვის განკუთვნილი ვაკანსიების ვებგვერდი http://teacherjobs.ge შექმნა. სწორედ აღნიშნულ ვებგვერდზე იდება ყველა ვაკანსია, რომელიც სკოლებშია.
მასწავლებლობის მსურველი ვებგვერდზე http://teacherjobs.ge რეგისტრაციისას ტვირთავს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, პირადობის მოწმობის ასლს, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ცნობას და უთითებს პირად მონაცემებს. გარდა ამისა, ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნის საშუალება რომ მოგეცეთ, აუცილებელია სამოტივაციო წერილის ველის შევსებაც, სადაც უნდა მიუთითოთ, რატომ გსურთ სკოლაში დასაქმება. თუმცა არსებობს სკოლაში დასაქმების უმოკლესი გზაც, ბიუროკრატიის გარეშე.
პრაქტიკაში ხშირია, როდესაც მასწავლებლობის მსურველები (ან მასწავლებლები) თავს არიდებენ ვაკანსიების ვებგვერდზე დარეგისტრირებას და პირდაპირ სკოლას უკავშირდებიან, დირექციასთან პირადი გასაუბრების შემდეგ კი საქმდებიან. გარდა ამისა, ხშირად მასწავლებლობით დაინტერესებული პირები მაშინაც ტოვებენ სკოლაში რეზიუმეს, როდესაც ვაკანსია გამოცხადებულიც კი არაა.
რამდენად გამართლებულია ასეთი პრაქტიკა და რომელი გზა ჯობია დასაქმებისთვის?
პედაგოგების ვაკანსიების ვებგვერდი მეტი გამჭვირვალობისთვის შეიქმნა, რათა მასწავლებლის სახლს ჰქონდეს ინფორმაცია, როდის სჭირდება სკოლას ახალი კადრი და ვის ასაქმებს, თუმცა საბოლოოდ, ვინ დასაქმდება ვაკანტურ ადგილზე - ამას მხოლოდ დირექტორი წყვეტს.
მართალია, ბევრად მარტივია, ბიუროკრატიის გარეშე, სკოლასთან დაკავშირება, პირდაპირი კომუნიკაცია და დასაქმება, თუმცა საჭირო დოკუმენტების წარდგენის გარეშე სტატუსი არ მოგენიჭებათ. აუცილებელი დოკუმენტები კი შემდეგია: პირადობის მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საგნის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ დიპლომში პედაგოგი არ გიწერიათ).
მათთვის კი, ვინც მასწავლებლების ვაკანსიის ვებგვერდზე დარეგისტრირდება და სკოლაში საკუთარ რეზიუმეს ამ გზით გაგზავნის, დასაქმების შემდეგ სტატუსს დამატებითი დოკუმენტების გარეშე, დირექციის მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს.