განათლებასა და განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ძლიერი სახელმწიფო, თავის მხრივ კი „ეტალონი“, პროექტის სულისჩამდგმელით დაწყებული, გუნდის თითოეული წევრით დასრულებული, თითქმის ორი ათეული წელია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატითა და სხვა არაერთი საინტერესო პროექტით ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას. ფაქტია - მყარი საძირკვლის გარეშე დიადი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია.
სწორედ ამიტომ, მომავალ პირველკლასელთათვის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა სახელმძღვანელო - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მშობლებსაც და ბავშვებსაც დაეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლაში შესვლა ჰქვია. „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.
ფაქტია - „პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე მოიპოვა პატარა მკითხველის სიყვარული, უფროსებიც კი დიდი ინტერესით ეცნობიან წიგნი+რვეულის ჯადოსნურ სამყაროს და რაც მთავარია, ნელ-ნელა მთელი საქართველოს მასშტაბით, წინასასკოლო პერიოდი ბავშვებისთვის უფრო სახალისო, უფრო საინტერესო და ბევრად შემეცნებითი ხდება.
სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, რა სჭირდებათ მომავალ თაობებს - ესაა ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ „პირველკლასელთა აკადემიის“ მიმართ.
ამჯერად, წიგნის ავტორი და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი, იმერეთის რეგიონს ესტუმრა - საინტერესო, სახალისო და მომავალი წარმატების საწინდარი სახელმძღვანელო ადგილობრივ პატარებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ; ამიტომ ბატონი გოჩა ზესტაფონის მერს - ვასილ გველესიანს, ბაღდათის მერს - კახა ენუქიძესა და სამტრედიის მერს - დავით ბახტაძეს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომდგენლებს შეხვდა.
ეს იყო მეგობრული, საქმიანი და რაც მთავარია, გაცნობითი ვიზიტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას.