4 დეკემბრისთვის 108 სკოლა დაკეტილია, 369 კლასი კი ონლაინზეა - განათლების სამინისტრო სტატისტიკას ავრცელებს
04-12-2021
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“.