ტესტირება ხვალ იწყება - სოფიო გორგოძე აპლიკანტებს ურჩევს...
05-12-2021

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ხვალ, 6 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელსაც პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ტესტირება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაიარონ. ამისათვის მათ უნდა გამოიყენონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსებული ბმული შესაბამისი განრიგის მიხედვით.

სისტემა მთელი დღის განმავლობაში, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი და მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველ დროს დაიწყოს ტესტზე მუშაობა.

მიღებულ ქულას ოლიმპიადაში მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს. მეორე ტურში გადასულთა რეიტინგული სიები კი სკოლებს მიეწოდებათ  სპეციალური პროგრამის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 31 900-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. 

„მინდა, ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატება და ვუთხრა, რომ თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა ვურჩიო,  ტესტირების დაწყებამდე აუცილებლად გაეცნონ ინსტრუქციას - ეს ინფორმაცია უკვე განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, - სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია  სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასწავლო ოლიმპიადას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ატარებს. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203