პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი სკოლაში 2025 წლამდე დარჩება - დეტალები
06-12-2021

პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარების ვადა შესაძლოა, 2025 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მოქმედი კანონმდებლობით, პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21​3 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი - კანონპროექტის მიხედვით კი პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების ვადა 2 წლით უხანგრძლივდებათ.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი რომ არ შეფერხდეს, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები რომ აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203