„ყველა რეფორმას მასწავლებელი რომ არ წააკლან, არ შეიძლება?!“ - რისი მოსმენა სჭირდებოდათ მინისტრისგან და რა მიიღეს პედაგოგებმა
10-12-2021

მასწავლებლები განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ინტერესით ელოდნენ. რისი მოსმენა სჭირდებოდათ მასწავლებლებს მინისტრის გამოსვლისას და რა მიიღეს?

პედაგოგებს ეგონათ, რომ ჩხენკელი, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკოსებს მორიგ შანსს მისცემდა, მაძიებლები 10 კრედიტზე დაკლებულ 1-2 ქულის პატიებასა და პრაქტიკოსების მსგავსად, საგნის გამოცდაზე 60%-ზე ნაკლები ქულის ჩათვლას ელოდნენ (შემდეგ გამოცდებზე მაინც), ასევე იყო მოლოდინი, რომ გაირკვეოდა, კონკრეტულად როდის ჩატარდებოდა დირექტორთა გამოცდა. გარდა ამისა, უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლები (რომლებიც სისტემაში ყველაზე მეტნი არიან) მკაფიოდ ჩამოყალიბებულ წინსვლის საფეხურებს ელოდნენ, თუმცა მინისტრის გამოსვლით ყველა იმედგაცრუებული დარჩა. რატომ? იმიტომ, რომ მათ საკეთილდღეოდ არაფერი უთქვამს (თუ არ ჩავთვლით უკვე დაანონსებულ სტატუსის დანამატის ზრდას 100 ლარით), არც რაიმე კონკრეტული ცვლილება თქმულა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით განაწყენდნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები, მათ კოლეგების ნაწილმა დაუჭირა მხარი. პრაქტიკოსები, რომლებიც დამსახურებული წლების გამო მორიგ შეღავათს ელოდნენ, საბოლოოდ, განწირულები აღმოჩნდნენ.

„განათლების სამინისტროს ჩვენი სიკვდილი თუ უნდოდა საახალწლოდ, ამას ვერ წარმოვიდგენდი. თავს შევაკლავთ პედაგოგები, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს სამსახურებს“.

„ყველა რეფორმას მასწავლებელი რომ არ წააკლან, არ შეიძლება. გვეყო რეფორმები. ნუთუ ყველა სფერო საუკეთესო სპეციალისტებითა და ყოვლისმცოდნე კადრებითაა მდიდარი?!“

„რატომ არ კითხულობენ გამოცდის ვერ ჩაბარების მიზეზებს? ისეთ სტრესში ჩავვარდი, რომ ვიცოდი ბოლო შანსიაო, მანქანიდან ვერ გადავდიოდი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი საერთოდ თუ მქონდა“.

„საახალწლო საჩუქარი გაგვიკეთა ამ პანდემიის პირობებში“.

მინისტრის თქმით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, სკოლაში არ უნდა იყოს და მის ადგილზე ვაკანსია უნდა გამოცხადდეს -  თუმცა აღნიშნული განცხადებიდან ერთ კვირაში ახალი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკოების მნიშვნელოვან ნაწილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ და სკოლაში დარჩებიან. ამ გადაწყვეტილებამ მაძიებლები გაანაწყენა, უფროსი და წამყვანი პედაგოგები კი უსამართლობაზე ალაპარაკდნენ და საბოლოოდ, გამოვიდა, ჩხენკელმა პედაგოგებს იმედები მაინც გაუცრუა, თუმცა პარალმენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მსჯელობა მიმდინარეობს, ასევე „იცვლება მასწავლებლის პროფესიული წინსვლის, სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრების კონცეფცია“


იხილეთ ასევე: მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს - ჩხენკელი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203