განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზაფხულზე დაანონსებული 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტების საჯარო განხილვებს იწყებს, რომ წლის ბოლომდე მთავრობამ მისი დამტკიცება მოასწროს.
„პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პროცესში ჩართულმა დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნები და კომენტარები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irsd@mes.gov.ge. შეგიძლიათ წარადგინოთ.
პოლიტიკის დოკუმენტების პროექტები შემუშავდა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პროექტის (PAR) და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის: „ინოვაცია ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი სსიპ-ების, ასევე „2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის N304 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და დახმარებით.