დღეს თბილისის N32 საჯარო სკოლაში „თანასწორობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 13 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა: მოეწყო თემატური გამოფენა, რომელშიც სკოლის 7 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე მონაწილეობდა, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო პოეზიის საღამო და სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაციული პრეზენტაციები.
ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ხოფერია ესწრებოდა, რომელმაც სკოლის აქტივობა და მიზნები დადებითად შეაფასა: „ნაძალადევის რაიონში 22 სკოლა გვაქვს და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობთ დავესწროთ მსგავსი სახის ღონისძიებებს, გავიცნოთ ჩვენი რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდობა და შემდეგ ჩვენს პროექტებში ჩავრთოთ. მისასალმებელია 32-ე საჯარო სკოლის აქტივობა და მიზანი - სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლის ინტეგრაცია სკოლასა და მთელს ქვეყანაში“.
მოსწავლეები და მშობლები მადლობას უხდიან სკოლას სოციალური პროექტისთვის, სხვა ერების წინაშე პატივისცემის გამოხატვისა და ერთიანობა - თანასწორობისთვის.
თავად სკოლის დირექტორი ნინო კაშია კი მოსწავლეებისა და მშობლების მადლობელია და კიდევ მრავალ მსგავს პროექტს უსურვებს სკოლას:
„უდიდესი სტიმული მომცა ლიდერობის აკადემიის მეექვსე მოდულმა - ეს არის თანასწორობა, რომლის ტრენერიც ვარ და იმპულსი ჩემი მეხუთეკლასელი მოსწავლის წარწერამ გამოიწვია ინგლისურ ენაზე, რომელიც სკოლის კედლებზე დამხვდა და შემდეგი შინაარსისაა:„როდესაც შემობრძანდებით ამ ულამაზეს სკოლაში, ჩათვალეთ ამ ოჯახის შეუცვლელ წევრად თავი“. ბავშვებთან და მშობლებთან ერთობლივი მუშაობით „თანასწორობის კვირეული“ დაიგეგმა და ღონისძიება ნამდვილად შედგა. სკოლის კედლებში ყველანი თანასწორები ვართ, ბავშვი ლაღ და თავისუფალ გარემოში უნდა იზრდებოდეს. მოსწავლე უნდა მოეფეროს საკუთარ ფესვებს და უყვარდეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ.“
იხილეთ ფოტოები