უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი 2027 წლამდე არ შეიცვლება?
19-12-2021

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი 2027 წელს ისევ საპოლოტე რეჟიმში იქნება დანერგილი, 2032 წელს კი ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ამ მოდელით იქნება დაფინანსებული. სწორედ აღნიშნული თარიღებია მითითებული 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიაში, რომლის საჯარო განხილვები სამინისტრომ უკვე დაიწყო.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელი დაფუძნებული იქნება შემდეგ ინდიკატორებზე: საბაზისო დაფინანსება, შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება და კონკურენტული დაფინანსება, თუმცა რას მოიზარებს თითოეული მათგანი დაკონკრეტებული არ არის.

„უმაღლესი განათლების რეფორმირებული დაფინანსების მოდელი უზრუნველყოფს დაწესებულებების მდგრად განვითარებასა და  სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში, თუმცა აქვე მითითებულია, რომ რისკის მატარებელია ის გარემოება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოუმზადებლები არიან დაფინანსების ახალი მოდელის ადაპტირებისთვის.

„რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტით, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ინდივიდუალური მიღწევების გაუმჯობესებას. 2032 წლისთვის განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსებული სისტემის საშუალებით“.

2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია მთავრობამ მიმდინარე წლის  ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203