დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტი პრაქტიკოსების საკითხს განიხილავს; პარალელურად, პედაგოგები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას აპირებენ და ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, რა შედეგებს გამოიღებს ეს ბრძოლა; არსებული კანონმდებლობა კი სკოლის ხელმძღვანელებს პირდაპირ ავალდებულებს, იმ მასწავლებლების ადგილას, ვინც გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დაადასტურა, ვაკანსიები გამოაცხადონ.
Etaloni.ge-სთან საკითხი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მაია კობახიძემ განიხილა და აღნიშნა, რომ პროფკავშირის ბაზაზე შეიქმნება ერთგვარი სკოლა, სადაც წევრ მასწავლებლებს გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებენ:
„ხშირ შემთხვევაში არაკოლეგიალურები, არასოლიდარულები არიან პედაგოგები პრაქტიკოსების მიმართ; გამოცდებთან დაკავშირებითაც აზრი ორად იყოფა, ნაწილი ამბობს, რომ გამოცდა აღარ უნდა იყოს და პირდაპირ მიენიჭოთ სტატუსები, თუმცა ეს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს, სქემაში დაწინაურებისთვის.
გაჩნდება თუ არა პრაქტიკოსების გაშვებით კადრების დეფიციტი? - რომელ სკოლასაც ექნება ვაკანტური საათები, მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას მოვალეობის შემსრულებლად - აუცილებელი არ არის მათი სისტემიდან გასვლა, ზაფხულში კი კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გავიდნენ გამოცდებზე, არსებული რეგულაციებით, ოღონდ უნდა გადალახონ 60-პროცენტიანი ბარიერი.
ასეთ შემთხვევაში, პროფკავშირიც შესთავაზებს არა 1, 2, 3 ტრენინგს წევრ პედაგოგებს, არამედ შეიქმნება სკოლა, რომელიც სრულყოფილად იმუშავებს ამ მასწავლებლების გადამზადებისთვის.
კიდევ არის ერთი საკითხი, რაზეც კეთდება აქცენტები - კრედიქტულების შენარჩუნება! დაწიონ ბარიერი - როცა დგება მოთხოვნა პრაქტიკოსი მასწავლებლების მხრიდან, პედაგოგი ვარ და მათ ადგილზე, ალბათ, მეც ასევე ავყვებოდი ამ მოთხოვნას, მაგრამ რეალურად, ეს რომ შეიცვალოს, ამოქმედდება დღეიდან და არა, ზაფხულიდან.
მესმის, ისინი ეძებენ გამოსავალს, რომ სისტემაში დარჩნენ და სკოლასაც უფლება აქვს დატოვოს მოწვეულ მასწავლებლებად, ხელშეკრულებით, თუმცა ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. იქვეა მაძიებლების მოზმადების პროგრამა, რაშიც სახელმწიფო უზარმაზარ თანხას დებს და მოტივაციაც დიდი აქვთ, პროფესიაში შემოვიდნენ; ახალგაზრდა კადრების შემოდინება კარგია, ოღონდ არა კვალიფიციური კადრის ხარჯზე და ამიტომ სკოლა რაღაც ეტაპამდე შეინარჩუნებს პრაქტიკოსებს; მაგრამ ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მოუწევს 60-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“.