სქემაში ჩამალული საფრთხე - პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად მასწავლებელმა სტატუსი შესაძლოა ვერ აიმაღლოს
15-01-2022

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილება შეეხებათ პედაგოგებს და როგორ აიმაღლებენ სტატუსს.

მასწავლებლების დიდი ნაწილი სქემის შეცვლის მომხრეა, ზოგი კი სტატუსების საერთოდ გაუქმებასა და პედაგოგების გათანაბრებას მოითხოვს. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებაა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება. თუმცა სტატუსის ამაღლება და შესაბამისად, ხელფასის ზრდა მხოლოდ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი პედაგოგის სასკოლო საზოგადოებისგან შეფასებაა. სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლეები, მშობლები და სკოლაში დასაქმებული პირები იგულისხმებიან.

მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პედაგოგი სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას ჩააბარებს, სკოლის დირექცია წინადადებით მიმართავს მასწავლებლის სახლს, რომ შეაფასოს გამოცდაჩაბარებული პედაგოგის პრაქტიკული ნაწილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღებიდან მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში პედაგოგს  გარე დაკვირვების ვადებს მისცემს, მას შეუფასებს პორტფოლიოს და გაესაუბრება სასკოლო საზოგადოებას.

სამინისტროს განმარტებით, სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება  მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

„სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება)“ - აღნიშნულ ჩანაწერს პედაგოგები ბუნდოვანს უწოდებენ და მასში საფრთხეს ხედავენ. კანონის ამ პუნქტით, ფაქტობრივად, შესაძლებელი ხდება მასწავლებელმა, რომელიც პროფესიული უნარების გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, სტატუსი ვერ მიიღოს, თუ მას მშობელი, მოსწავლე, კოლეგა ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი უარყოფითად შეაფასებს. პედაგოგები ამბობენ, რომ გასაუბრება სუბიექტური იქნება და მას არ შეიძლება სტატუსის მინიჭებაზე გავლენა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგმა საგნის გამოცდა განმეორებით უნდა ჩააბაროს. საგნის გამოცდის 50%-იანი შედეგით ჩაბარება ასევე აუცილებელია მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად.

ჯერჯერობით უცნობია მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში რა ცვლილება შევა, ამ დროისთვის კი სიახლე მხოლოდ პრაქტიკოსებისთვისაა. განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203